← სტატიები

ფოთლოვანი კვების ზოგადი განმარტება

ფოთლოვანი სასუქები, წარმოადგენს როგორც მცენარეთა კვების პროგრამების ნაწილს, ასევე მცენარეებში რომელიმე საკვები ელემენტ(ებ)ის დეფიციტის გამოსასწორებელ საშუალებას.

მაკრო- და მიკროელემენტებით მცენარეთა გამოკვების პროგრამების პირველ სამიზნე არეალს ნიადაგი წარმოადგენს. სწორედ ნიადაგი არის მთავარი წყარო, საიდანაც მცენარეები მარაგდებიან საკვები ნივთიერებებით. ხოლო თუ ნიადაგიდან, მცენარის მიწის ზედა ნაწილების კვება ქსილემის საშუალებით არასაკმარისია მთელი რიგი ფაქტორების გამო, მაშინ ფოთლიდან დროებითი, დამატებითი და მაკორექტირებელი კვებაა შესაძლებელი და ისიც მხოლოდ გარკვეულ გარემო-პირობებში.

ფოთლოვანი სასუქების გამოყენებისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფესვებით შეთვისებისგან განსხვავებით, ფოთლიდან შეთვისება პასიური პროცესია. იგი დამოკიდებულია ფოთლის ზედაპირზე (ეპიდერმისზე) და ნივთიერებათა კონცენტრაციის გრადიენტზე ფოთლის ზედაპირსა და პარენქიმას შორის (პარენქიმა ფოთლის შიდა ქსოვილია, ზედა და ქვედა ეპიდერმისს შორის).

პასიური პროცესის განმარტება: უჯრედის პლაზმური მემბრანის მიღმა ტრანსპორტის უმარტივესი სახეს პასიური ტრანსპორტი ეწოდება. პასიური ტრანსპორტის პროცესში უჯრედი ენერგიას არ ხარჯავს, რადგან ამ დროს ნივთიერებები საკუთარი კონცენტრაციის გრადიენტების შესაბამისად დიფუზირებენ მემბრანის მიღმა.

კონცენტრაციის გრადიენტი ეწოდება რაიმე ნივთიერების კონცენტრაციების სხვაობას სივრცის სხვადასხვა ნაწილში. ნივთიერებები თავად დიფუზირებენ თავიანთი გრადიენტების მიმართულებით, მაღალი კონცენტრაციიდან დაბლისკენ.

ფოთლის ზედაპირი წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს სხვადასხვა ნივთიერებებისათვის. მისი ზედაპირი დაფარულია ცვილისებრი კუტიკულის ფენით, რომელიც წყალს და წყალში გახსნილ მიკროელემენტებს შეძლებისდაგვარად ირიდებს, რაც ზღუდავს ნივთიერებების მოძრაობას ფოთოლში.

მიკროელემენტების შეთვისება ფოთლის მიერ დამოკიდებულია:

– მცენარის სახეობაზე

– საკვებ ნივთიერებებზე, ამ ნივთიერებების ფორმებზე და მათ მობილურობაზე ფლოემაში

– ფოთლის სამუშაო ხსნარით დაფარვასა და შემდგომ შეთვისებაზე;

– ფოთლის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე, რაც დაფარვასა და შეთვისებაზე მოქმედებს;

– გარემო პირობებზე

– მცენარის მოთხოვნილებასა და ნიადაგში არსებულ საკვები ნივთიერებების რაოდენობაზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფარდობით ტენიანობას, რადგან ეს გავლენას ახდენს ფოთოლში კუტიკულის გზით საკვები ნივთიერებების გამტარიანობაზე. ფარდობითი ტენიანობა ასევე მოქმედებს შესხურებული ხსნარის აორთქლების სიჩქარეზე.

იმისათვის, რათა შესხურებული საკვები ნივთიერებები ნორმალურად შეიწოვონ ფოთლებმა და მცენარის სხვა მწვანე ნაწილებმა, ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს 60-80 %-ს შორის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, საკვების ელემენტების მობილურობა (გადაადგილება) ფლოემაში. მას შემდეგ, რაც ნივთიერებები შეაღწევენ ფოთოლში, შემდგომი მათი ერთადერთი გადაადგილების საშუალებაა ფლოემა. ზოგიერთ ელემენტს, კერძოდ კალციუმს, მანგანუმს და ბორს, შეზღუდული მობილურობა გააჩნიათ ფლოემაში. (დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე).

სწორედ ამიტომ, ამ ჩამოთვლილი საკვები ნივთიერებების შესხურება უნდა მოხდეს მცენარის იმ მწვანე ნაწილებზე, რომელთაც გვინდა რომ ისინი შეითვისონ. ესე იგი, მთლიან მცენარეზე და ამის გამო პრეპარატის წყალხსნარით ხის სრული დაფარვაა საჭირო.

საკვები ელემენტების რაოდენობა ფოთლიდან შეტანისას შეზღუდულია, რადგან არსებობს ტოქსიკურობის საფრთხე (ზედოზირება). მათი შეტანა უნდა მოხდეს დაბალი კონცენტრაციებით და სიფრთხილის დაცვით. ანალიზებზე და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

აგრონომის რეკომენდაცია:

გარდა ზემოთ თქმულისა, ფოთლის ანალიზის ჩასატარებლად და მცენარისთვის მაკრო-მიკრო ელემენტების ზუსტი რაოდენობის დასადგენად, საჭიროა ფოთლები აღწევდნენ თავიანთ მაქსიმალურ ზომას, რადგან მაშინ სტაბილურდება მათში ნივთიერებათა კონცენტრაციები.

ვინაიდან, ფოთლების მაქსიმალური ზომა არ მიიღწევა ადრე ზაფხულის დადგომამდე, მანამდე დეფიციტის საპრევენციოდ, კარგ აგრონომიულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, გაზაფხულის განმავლობაში საჭიროა მცირე კონცენტრაციებით, სხვადასხვა მაკრო- და მიკროელემენტების მიწოდება მცენარისათვის ფოთლოვანი შესხურების გზით.

სასურველია შემასხურებელ ავზში მიმწებებელი საშუალებებისა და pH-ის კორექტორების დამატება. მოერიდეთ მათ გამოყენებას ძლიერი, მწველი მზის პირობებში.

ჩვენს შემთხვევაში, რეკომენდაციას ვაძლევთ ესპანურ კომპანია Nufol, MASSO და Fertinagro-ს ფოთლოვანი გამოკვების პროდუქტებს.

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი

წყარო: https://www.publications.gov.on.ca/store/20170501121/Free_Download_Files/300751.pdf